logo
ENG



ოკუპირებული ტერიტორიების სიიდან ამოღების გამო, რუსი დეპუტატი "აზიმუტის" შემოწმებას ითხოვს

16 მაი 202320:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/dnys4zegagqic2q.jpg

რუსეთის გენერალური დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა გენერალურ პროკურორს გაუგზავნა განაცხადი მოთხოვნით, შეამოწმონ ავიაკომპანია აზიმუტი, რომელმაც ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ქვეყნების ჩამონათვალიდან ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი თბილისშია დაბადებული. ის სახელმწიფო დუმაში მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთსა და ასევე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას წარმოადგენს.

დეპუტატის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია, შემოსავლის გაზრდის მიზნით, "საბოტაჟს ახდენს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის საფუძვლებში". მისი თქმით, ამ პრეცედენტის არსებობის შემთხვევაში, სხვა კომპანიები შეძლებენ "გაიმეორონ იგივე ყირიმის, დონეცკისა და ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს შემთხვევაშიც".

"რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა ქვეყნების სიიდან, რომელიც მითითებული იყო საიტზე რეგისტრაციის დროს. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, საკუთარი ნაციონალური პასპორტი მიუთითონ საქართველოს მოქალაქის ნაციონალურ პასპორტად. გთხოვთ ჩაატაროთ ავიაკომპანია აზიმუტის შემოწმება, რუსეთის კანონდმებლობასთან შესაბამისობისობაში, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

სავარაუდოდ, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდი ახორციელებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლების საბოტაჟს. მოცემულ სიტუაციას შესაძლოა ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან მსგავსი პრეცედენტის შემდეგ, კომერციული მოგების მიზნით, ხვალ შესაძლოა რუსეთის შემადგენლობიდან გამორიცხონ ყირიმი, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები", - აცხადებს დეპუტატი.

დუმის დეპუტატმა წერილი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსს, ალექსანდრ ნერადკოსაც გაუგზავნა.

"არსებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ავიაკომპანია აზიმუტის ლიცენზია ფრენებზე" - აღნიშნულია წერილში. 

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" საქართველოში ფრენებს 17 მაისიდან განახორციელებს. კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.

რუსული ავიაკომპანია აზიმუტი, რომელმაც საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს, უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში ასევე კომპანიის სამივე დამფუძნებელი მოხვდა - ვიტალი ვანცევიპაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა